Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
ბიჭს, რომელიც შენთან წევს,
ჩემი სუფთა თვალები ესიზმრება.
სად შენ და სად მე -
- ჩემზე მას საკუთარი ბავშვობა ახსენდება
და ჩემი თმები წვიმაში სასაცილოდ გაწუწული.
შენ მხოლოდ მისი წუთიერი შვება ხარ ზამთრის გრძელი ღამეების
და ალკოჰოლიანი დღეების.
ბიჭს, რომელიც შენთან წევს,
არაფერი არ აქვს შენთან საერთო,
ბიჭს, რომელიც შენთან წევს,
ჩემთან ერთად ქუჩებში ხეტიალი უყვარდა,
ჩემთან ერთად მზის ჩასვლის ყურება უყვარდა,
ჩემთან ერთად წვიმაში დასველება უყვარდა
და ოცნებობდა, რომ ერთ დღესაც ვიცხოვრებდით ძალიან შორს
და ჩვენი სახლი მერცხლების ბუდეს ემგვანებოდა.
ოცნებობდა, რომ ჩვენი სახლის იქეთ იქნებოდა ყვითელი მინდვრები
და ზეცის დაუსაბამობა.
ბიჭს, რომელსაც შენი შიშველი სხეული მობეზრდა,
ჩემი ლექსები აფორიაქებს.
ის ჩემს მხრებს არასოდეს შეხებია,
მას ჩემი ხელები ხიბლავდა.
იმ ბიჭის თვალებში მთელი სამყაროა,
სამყარო, რომელსაც შენ ვერასოდეს ვერ დაინახავ,
სამყარო, რომელიც მე ფურცლებზე გადმომქონდა.
შენ არ ხარ იმ სამყაროს ნაწილი,
ის მხოლოდ ჩვენი სამყაროა.
ბიჭი, რომელიც შენთან წევს,
ათასში ერთხელ მპოულობს და მიყვება,
როგორ დაღალეს შენფერმა ქალებმა.
სად შენ და სად მე -
არასოდეს არ იქნება ჩემი ცხოვრების ნაწილი ბიჭი,
რომელიც შენთან წევს.
წევს... და ესიზმრება ჩემს სახეზე მისი დანახვით გამოწვეული ბედნიერება - ყველაზე გულწრფელი, ყველაზე მართალი,
მათ შორის, რაც კი ცხოვრებაში უნახავს.
სიყვარული ის კი არაა, ვისთან წევხარ,
სიყვარული ისაა, ვისთანაც გულს ტოვებ,
ვისი ხსოვნაც სულში შემოგრჩა.
სად შენი ხვედრი და სად ჩემი ხვედრი -
- ბიჭი, რომელიც შენთან წევს,
ჩემს ბავშვურ ღიმილზე ფიქრობს.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев