
11.2014ჭობისხევში გარემოსდამცველებსა და ადგილობრივებს შორის ხმაურიანი გარჩევის გამო დაკავებული, მეექვსე თვეა პატიმრობაშია; რას ედავება ბრალდებულს პროკურატურა, რომელიც ადგილობრივების მტკიცებით, შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა.
შვიდი დაკითხული მოწმე და ხუთი ჩატარებული სხდომა ექვს თვეში. პროკურატურა ჭობისხევის მკვიდრს ა. გოგოლაძეს სხვისი ნივთის დაზიანებასა და წესრიგის დამცველებისთვის ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებს. მას ბრალი სსკ-ის 187-ე და 353-ე მუხლის ორი ნაწილით ედება.
გოგოლაძე მიმდინარე წლის 29 მაისს დააკავეს. თუმცა, შემთხვევა, რის გამოც ის საპატიმროში მოხვდა, სოფელში 8 დღით ადრე, 21 მაისს მოხდა. ამ დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში ტყიდან გარემოსდამცველებმა ხერხი ამოიღეს. ამას ადგილობრივების გაღიზიანება მოჰყვა. მათ სატყეო სამსახურის თანამშრომლებს ამოღებული ხერხის სოფლიდან გატანის საშუალება არ მისცეს.
14 ნოემბერს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე, მხოლოდ ერთი მოწმე, ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომელი ბეჟან გოგოლაური დაიკითხა. იგი სასამართლოს ჩვენებას საათზე მეტ ხანს აძლევდა.
მისი თქმით, იმ დღეს, როცა ჭობისხევში დაპირსპირება მოხდა, თანამშრომელთან ერთად ხაშურიდან ახალციხის მიმართულებით სამსახურის მანქანა მიჰყავდა: „გზაში დამირეკეს და მითხრეს, რომ ჭობისხევში სახერხია აღმოჩენილი, დატვირთე და წამოდიო. ავედით, დავტვირთეთ და ვიდრე სოფლამდე მივიდოდით წინა საბურავებმა დაიშვა. სანამ ისინი დავბერეთ ამასობაში გარემოსდაცვის თანამშრომლებიც მოვიდნენ და წინ გამოგვიძღვნენ. ალბათ იცოდნენ სოფელში ხალხი რასაც აპირებდა“.
როგორც გოგოლაური ყვება, სოფელში შესვლისას მათ წინ 100-ზე მეტი ადამიანი გადაუდგა, მანქანას გავლის საშუალება არ მისცეს, მძღოლიც და თავადაც მანქანიდან ჩამოაგდეს, აგინეს, ძარაზე დატვირთული ხერხი, გენერატორი და ჩამრთველი ძირს გადმოყარეს და მანქანის საბურავები დაუშვეს.
„ერთმა მოხუცმა კაცმა ცხვირში ჯოხიც მომარტყა, მერე ხალხმა გვერძე გამიყვანა, - ამბობს გოგოლაძე და ამატებს, რომ იმ დღეებში, რომელიმე მათგანი, ვინც მას აგინებდა და ფიზიკურად ცდილობდა გასწორებოდა, თუ შეხვდებოდა თავადაც ფიზიკურად გაუსწორდებოდა - მაშინ სახეზე ყველა მახსოვდა, ახლა შეიძლება ვეღარ გავიხსენო“.
მისი თქმით, შეხლა-შემოხლისას განსაკუთრებით ორი კაცი აქტიურობდა და ერთ-ერთი სწორედ ბრლადებული იყო: „მძღოლი მანქანიდან მან გადმოაგდო, მერე მანქანის გაყვანილობები გამოგლიჯეს, რომ მანქანა არ დაქოქილიყო. კარგად მახსოვს, იმ დღეს გოგოლაძეს წვერი ჰქონდა და შავი ტანსაცმელი ეცვა“.
ბრალდებულს რომ იმ დღეს წვერი ჰქონდა, ამაზე მისი ახლობლები და თანასოფლელებიც საუბრობენ, თუმცა, მათი თქმით, იმ დღეს გოგოლაძეს შავები არ ეცვა და უფრო მეტიც, მაშინ როცა სოფელში ადგილბორივები გარემოსდამცველებს დაუპირისპირდნენ, იგი შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა.
„ნაცრისფერი დუტი და ჭრელი მაისური ეცვა შიგნიდან“ - ამბობს ბრლადებულის მეღულე.
მისი ნათლია კი აცხადებს, რომ ამ დროს გოგოლაძე ჭობისხევში ოქროპირიძეების ოჯახში იმყოფებოდა: „ოქროპირიძეები ამას ეუბნებიან პოლიციელებს, მაგრამ ვინ უსმენს?! სოფელში ასეთი ამბავი მოხდა და ვიღაც ხომ უნდა დაეჭირათ?! ხოდა გოგოლაძე დაიჭირეს“.
თანასოფლელების თქმით, იმ დღეს, ვიდრე სოფელში ჩხუბი მოხდებოდა, სოფლის კლუბში გოგოლაძეს ჩხუბი რეინჯერთან მოუვიდა.
„სოფელში რეინჯერის გადადგომა გვინდოდა და კრება ტარდებოდა, მაგრამ რეინჯერი მთვრალი იყო და იგინებოდა. გოგოლაძემაც გინებით უპასუხა. ამის მერე წაიყვანეს ის ოქროპირიძეების სახლში. სხვა მას არაფერი გაუკეთებია და იმას რომ რეინჯერს აგინა, დღესაც აღიარებს“, - ამბობს ჭობისხევის მკვიდრი ოთარ მეხრიშვილი.
მოწმე ბეჟან გოგოლაური კი ირწმუნება, რომ მანქანის საბურავები სწორედ ბრალდებულმა დაუშვა, თუმცა აქვე ამატებს, რომ ღამით ცუდად ხედავს. ასევე, მას შემდეგ რაც ის მანქანიდან ჩამოაგდეს, ხალხმა გვერძე გაიყვანა და მასსა და მანქანას შორის უამრავი ადამიანი ჩადგა. ამიტომ იმას თუ ვინ როგორ, ან რითი დააზიანა საბურავები, ეს პროცესი არ დაუნახავს: „ხელში რაღაცეები ეჭირათ, ზოგს რკინა, ზოგს ჯოხი“.
მისივე თქმით, იმ დროისთვის, მან არც იმ ორი ადამიანის ვინაობის შესახებ იცოდა, ვინც ამ დაპირისპირებისას განსაკუთრებით აქტიურობდა.
„რწმუნებულმა (პოლიციის თანამშრომელი) მითხრა ვინ იყო ეს ორი ადამიანი“, - განაცხადა დარბაზში მოწმე გოგოლაურმა.
ბრალდებულის ადვოკატის ირაკლი ბარძიმაძის კითხვაზე, ჰყავს თუ არა მას ოჯახში ვინმე ნასამართლევი, გოგოლაურმა უპასუხა, რომ „კი, პირობითშია ახლა ის“.
„ხოდა მაშინ შეიძლება თავზე მკვლელობაც აგაღებინონ“, - თქვა ბარძიმაძემ სასამართლო დარბაზში.
ბრალდებულის კიდევ ერთი ადვოკატის ეკა აბაშიძის განცხადებით, ეს შავზე თეთრით შეკერილი საქმეა და ძნელია იმის დადგენა, თუ ვინ დგას ბრალდების მხარის უკან: „საქმეში უთითებს ბრალმდებელი , რომ ეს არის ჯგუფური დანაშაული და სხვებთან მიმართებაში ერთი მოწმეც კი არ არის დაკითხული“.
გოგოლაძის საქმეზე მომავალი სასამართლო სხდომა 28 ნომებერს 13:00 საათზე გაიმართება.
„მხოლოდ ერთი მოწმის დაკითხვით პროცესი ჭიანურდება, ეცადეთ მომავალ პროცესზე მეტი მოწმე მოიყვანოთ“, - მიმართა პროცესის დასრულებისას პროკურორ პეტრე მანველიშვილს მოსამართლემ.
[თამუნა უჩიძე, ახალციხე] http://sknews.ge/index.php?newsid=4566


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 3