
აქ ხომ ხალხს ისე შეუძლია ხელყოს (ან ცხვირყოს) ჩვენი სურვილები, ენაზე ძვალმა ოდნავადაც რომ არ ქენჯნოს. ჩვენი – საშუალო სტატისტიკური ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას ზოგჯერ სწორედ ეს მითიური “ხალხი” წარმართავს და წარმართს (ან ავს) გვიწოდებს, თუკი მისი სისპეტაკის კრიტერიუმებში ბოლომდე ვერ მოვთავსდით.
ყველა ჩვენგანს ეყოლება მეზობლად გაუთხოვარი ჭორიკანა დეიდა ლამარა, რომელმაც თავის დროზე საკუთარი ასაკი ვერ გააკონტროლა და შესაბამისად, მის ერთადერთ თვითმიზანს ახლა მეზობლების კონტროლი წარმოადგენს. ჩვენც მეტ-ნაკლებად გვეშინია ხალხის აზრის, რადგან საკუთარ თავს რაც არ უნდა უკომპლექსოები ვეძახოთ, მაინც ცუდ განწყობაზე დავდგებით, დეიდა ლამარასგან გამოსული ხმები (ინტერპრეტირებული და თითქმის მრუშობის ბრალდებამდე აყვანილი) სამეზობლოში ელვის სისწრაფით რომ გავრცელდება. სწორედ ამიტომ, ხალხისა და მისი ცნობისმოყვარეობის გაღიზიანებას თითქმის ყველა ვერიდებით, გვაცვია საკუთარი ჩრდილივით შავი ტანსაცმელი და ვიქცევით ისე, ეს ჩრდილი შემთხვევით ნათესავების სახელსაც რომ არ მიადგეს.
არადა, ერთი შეხედვით (თუ ერთი მოსმენით) ჩვენ საერთოდ არ უნდა გვეშინოდეს იმისა, რასაც ხალხი ამბობს. დიდი ამბავი თუ დეიდა ლამარა შეხვედრის დროს ალმაცერად შემოგვხედავს და იქედნურად რაღაცას ჩაიბუტბუტებს, დიდი ამბავი, თუ ჩვენი ტატუ ვინმე ლამარიეს სალაპარაკოდ ორი კვირა არ ეყოფა, დიდი ამბავი თუ რომელიმე სუფრაზე დანა-ჩანგლით მწვადის მარტივ ლუკმებად დაშლას არ შევუდგებით და უფრო ადამიანურად შევჭამთ, დიდი ამბავი, თუ ალაფურშეტზე არსებულ პურს ხელით ავიღებთ და არა იმ უცნაური რკინის ნივთით, ვეებერთელა პინცეტს რომ გვაგონებს, დიდი ამბავი… – მაგრამ ხალხის აზრის მართლა სათანადოდ გვეშინია, რადგან ჩვენც იმავე გარემოში ვცხოვრობთ, რომელშიც ისინი და რთულია, ეს კომეტური სიმძლავრის კომენტარები მუდმივად აიტანო. შესაბამისად, ჩვენ ხშირად ვიქცევით ისე, როგორც ხალხს სურს და გვიწევს, საკუთარი სურვილები დასაბამშივე მტკიცედ დავაბათ.,, ავტორი; მჩხაპნელი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев