
ღვთისმშობელო ჩემო, მარიამ,ვდგავარ მე შენს წინ
მუხლმოყრილი,ერთი მხევალი,
შენი წილხვედრი ცა და მიწა მტკივა ძალიან,
და იწურება გული როგორც მწიფე მტევანი.
ნუ გაგვიწყრები, გევედრები,ნუ გაგვიწყრები,
დათოვლილ სულზე მოგვაფინე თბილი მანტია,
მზევ,სვეტიცხოვლის გუმბათს ავად ნუ აწვიმდები,
რამეთუ გულში ჩემი უფლის კვართი მარხია.
დედაო ღვთისავ,
ცრემლით ვალბობ შენს ფეხის გულებს,
და ბაგე ჩემი გიჩურჩულებს ვითარცა სიო,
ბებერი მუხა-საქართველო გადამირჩინე,
და მუმლი მასზე,გევედრები,არ შემისიო.
ანთებულ სანთლებს შუა ვდგავარ,მეც ვიღვენთები,
ლოცვას ჩურჩულებს ბაგენი და დარდით ფითრდება,
სჯობს რომ სიკვდილმა შემინგრიოს შუბით ფერდები,
თუ იბერია,საქართველო არ გაბრწყინდება.
დედაო ღვთისავ,
მკერდს მიკრული იესოს მადლით,
ნუ გამიწბილებ გარიჟრაჟზე ლოცვებს აფრენილს,
უფალს -სამშობლოს, სამშობლოს -უფალს,
მხურვალედ ვადრი,
კურთხეულ იყოს უკუნისამდე მათი სახელი.
ნუ გაგვიწყრები, გევედრები,ნუ გაგვიწყრები,
დათოვლილ სულზე მოგვაფინე თბილი მანტია,
მზევ,სვეტიცხოვლის გუმბათს ავად ნუ აწვიმდები,
რამეთუ გულში ჩემი უფლის კვართი მარხია.
/შორენა ზაქრაძე/


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5