ერთი კეთილი გოგოს ამბავი
ამბავი, რომლის შესახებაც გვსურს მოგიყვეთ, ბევრს შეიძლება წარმოუდგენლადაც მოეჩვენოს. იმ ფონზე, როცა ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი მაგალითია ჩვენ გარშემო, თუ როგორ თქვეს მოხუც მშობლებზე შვილებმა უარი, მატერიალური თუ სხვა ყოფითი პრობლემების გამო, ახალგაზრდა ქალი, სამი შვილის დედა, 37 წლის ხათუნა ჭიღლაძე სამ მძიმე ავადმყოფ მოხუცს უვლის: დედამთილს, მამამთილს და ქმრის ბებიას. ორი წლის წინ მან სამსახურიც იმიტომ მიატოვა, რომ ავადმყოფი მოხუცებისთვის ყურადღება არ მოეკლო და მიუხედავად არც ისე იოლი ყოველდღიური ცხოვრებისა, ღიმილი არასდროს შორდება სახეზე. ალბათ, ასეთი ადამიანები სამაგალითონი არიან.
ხათუნას ინტერვიუზე დათანხმება არც ისე ადვილი იყო.
თუმცა დავარწმუნეთ, რომ მისი ამბავი, ეს დიდი პოზიტივი მხოლოდ დადებითად შეიძლება მიიღონ სხვებმაც.
- ხათუნა, საინტერესოა, ფიზიკურად როგორ ახერხებთ სამი მძიმე ავადმყოფის მოვლას და ჯანმრთელობის რა პრობლემა აწუხებთ?
- დედამთილი 68 წლის არის, მამათილი - 75-ის და ქმრის ბებია - 92 წლის. სიბერის თანმდევ სხვა დაავადებებთან ერთად, ინსულტი აქვთ. 2 წელია, დედამთილს გაუმეორა ინსულტმა, პარეზი აქვს. მამამთილის ინსულტს საშარდე გზების პრობლემა დაერთო. სამივე ჩაწოლილია. ვერ გადაადგილდებიან, უჭირთ მეტყველება და ძირითადად "პამპერსებზე" გვყავს. ქმრის ბებიას, ალბათ ასაკის გამოც, უნებლიე დეფეკაცია და შარდის შეუკავებლობა აქვს.
რაც შეეხება როგორ ვახერხებ მოხუცების მოვლას, უფლის წყალობით ვპოულობ ძალას. სამი შვილი მყავს
10, 11 და 5 წლის. ახლა ვერ ვმუშაობ. სანამ ავად გახდებოდნენ, ჩაჩავას კვლევით ინსტიტუტში ვმუშაობდი. ბებიაქალი ვარ. 7 წელი ვიმუშავე ორსულთა პათოლოგიაში. გადასხმის სპეციალისტი ვარ და ამ ორი წლის წინ დავანებე თავი სამსახურს.
- სანამ ინსულტი დაემართებოდათ, აწუხებდათ ჯანმრთელობის პრობლემა?
- უჭირდათ გადაადგილება, მაგრამ მოძრაობას ახერხებდნენ. ახლა სამივეს მუდმივად ესაჭიროება საფენები.
ასეთი მძიმე ავადმყოფები გარდა პენსიისა, სხვა რაიმე სახის დახმარებით თუ სარგებლობენ სახელმწიფოსგან?
მხოლოდ პენსიის და ჩემი ქმრის ხელფასის იმედად ვართ. მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოხუცებს საფენები და საჭირო ჰიგიენური საშუალებები ვუყიდოთ. მივმართე სოციალურ სამსახურს. მოვიდნენ, ნახეს ჩემი მოხუცები, მაგრამ ვერ დაგვაკმაყოფილეს. მივუთითე კიდეც, რომ განსაკუთრებით მჭირდებოდა ჰიგიენური საშუალებები.
დიდად არ ვართ შეჩვეული, რომ რძალი დედამთილს, მამამთილს და ქმრის ბებიას უვლიდეს, მით უმეტეს ასეთ ავადმყოფებს...
მე და ჩემმა მეუღლემ სიყვარულით შევქმენით ოჯახი. მოსიყვარულე ქმარი მყავს და ამანაც განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება, თუმცა ზოგადად ისედაც ძალიან მიყვარს მოხუცები. ჩემს პაციენტებსაც ღიმილიანად და პოზიტიურად ვხვდებოდი ყოველთვის. ამ ყველაფრის დაძლევაში ჩემი პროფესია დამეხმარა.
- ბუნებრივია, გაგიჭირდათ ალბათ სამსაურიდან წამოსვლა, თუ გიფიქრიათ სამსახური შეგენარჩუნებინათ და მომვლელი აგეყვანათ მოხუცებისთვის?
- გაკვრით მიფიქრია, მაგრამ ძალიან ძვირი სიამოვნებაა მომვლელის აყვანა, მით უმეტეს სამი მოხუცი რომ გყავს და პლუს სამი შვილი. თან ისეთი მონდომებით ვერ მოუვლიდნენ, როგორც მე ვუვლი. 6 შვილის დედა ვარ ფაქტობრივად. შეიძლება ვიღაცებისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ არ ვიცი როგორ გადავიტან, რამე რომ დაემართოთ. ორჯერ ნაინსულტარები სიკვდილისგან ვიხსენი. საავადმყოფოდან მოგვყავდათ მოხუცები და გვითხრეს, რომ სულ მცირე იყო მათი გადარჩენის შანსი. ორი წელი გავიდა, დავუკავშირდი ექიმებს და ვუთხარი ჩვენი ამბავი, რომ გაიგეს, ცოცხლები მყავდა, მითხრეს, ეს სასწაულიაო.
- რით იკვებებიან?
- სპეციფიური საკვები სჭირდებათ. საქონლის ხორცის ნახარში, ასევე შეიძლება ქათმის ხორცის ნახარში. ბულიონებზე მყავს ძირითადად და გადასხმებზე.
- სამი ავადმყოფი მოხუცის, სამი შვილის და მეუღლისთვის ყურადღების მიქცევა ურთულესი იქნება. ვინმე გეხმარებათ?
- ვერავინ ვერ მეხმარება. ყველას თავისი ოჯახი აქვს და მე არც მითხოვია ვინმესთვის დახმარება. ვახერხებ როგორღაც, სანამ შემიძლია და სანამ მეყოფა ჯანი, ყველაფერს გავუკეთებ მათ...
ერთადერთი პრობლემა ის მაქვს, რომ მუდმივად სჭირდებათ ჰიგიენური საშუალებები, ასევე ქაფურის სპირტით ვუმუშავებ სხეულს, ნაწოლები რომ არ გაუჩნდეთ. და ამ ყველაფრის უზრუნველყოფაა რთული, თორემ ნამდვილად არ ვწუწუნებ არაფერზე.
Комментарии 189