Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
ქალზე, რომელმაც ქმრის მკვლელის სისხლი აიღო
..ავტორი მარი ჯაფარიძე
თავი 23
ანა რამაზის კართან იდგა და ყოყმანობდა. დაეკაკუნებინა თუ არა, ვერ გადაეწყვიტა. ბოლოს, გამბედაობა მოიკრიბა, ხელი ასწია და ზარის ღილაკს მიაჭირა. ცოტა ხანში შიგნიდან ფეხის ხმა გაიგონა. გული ლამის ბუდიდან ამოუვარდა. სუნთქვა შეეკრა.
- ქალბატონი ანნა? - რამაზი გაოცებული უყურებდა ქალს.
- დიახ, უკაცრავად, რომ ასე გვიან გაწუხებთ, მაგრამ საქმეზე ვარ მოსული, - ანას თვალი ოთახისკენ გაექცა, საიდანაც ანას ლაპარაკი ისმოდა.
- მობრძანდით, სასიამოვნო ვიზიტია, ნამდვილად გამაოცეთ და თანაც, სასიამოვნოდ, - მამაკაცმა გზა დაუთმო და ანა გაატარა.
ოთახში შესულ ქალს გოგონა შეეგება.
- ანა დეიდა, როგორ ხართ?
ბავშვი გადაკოცნა და თავზე ხელი გადაუსვა.
- ასე გვიან რატომ არ გძინავს? - ჰკითხა მზრუნველი ხმით.
- ახლა მეუბნებოდა მამიკო, დაიძინეო და პირობა მივეცი, რომ 15 წუთში დავიძინებ, მაგრამ თქვენ მოხვედით და...
- პირობა უნდა შეასრულო, მიუხედავად იმისა, რა მოხდა იმის შემდეგ, რაც პირობა მიეცი.
- ჰო, მაგრამ ყავა არ უნდა მოგიდუღოთ?
- არა, ყავა ახლა არ მინდა.
- კარგი, მაშინ დავიძინებ, - გოგონამ ანას და მამას ლოყაზე აკოცა და საძინებელში გავიდა.
რამაზმა სიყვარულით სავსე მზერა გააყოლა ბავშვს. ანას მოუბოდიშა, ახლავე მოვალო და გოგონას მიჰყვა.
- მაპატიეთ, სინათლე გამოვურთე და საბანი ამოვუგე, რომ არ გადაიხადოს, - კიდევ ერთხელ მოუბოდიშა, - ყავას არ დალევთ? სამზარეულოში გავიდეთ.
ანა უკან მიჰყვა მამაკაცს. სამზარეულოდან კარი ვერანდაზე გადიოდა, სადაც მაგიდა და დივანი იდგა. რამაზმა ყავის ფინჯნები გარეთ გაიტანა და მაგიდაზე დადგა. თვითონ ანას პირისპირ, სავარძელში ჩაჯდა.
- ძალიან მზრუნველი მამა ხართ, - გაუღიმა ანამ.
- მას შემდეგ, რაც მე და ჩემი შვილი დედის გარეშე დავრჩით, მხოლოდ ჩემს იმედადაა. მივეჩვიე ბავშვთან ურთიერთობას. თან, ხომ იცით, ასეთ შემთხვევაში შვილთან გაცილებით მჭიდრო ურთიერთობა ყალიბდება. ახლა ანა უკვე პატარა ქალია და დედასავით მექცევა. ჩემზე ზრუნავს და ხშირად მიბრაზდება კიდეც, მკაცრი დედასავით.
- კარგი შვილი გყავთ, - ჩუმად თქვა ქალმა.
- თქვენ გყავთ შვილები? - მამაკაცი ინტერესით ათვალიერებდა ანას და აშკარად ეტყობოდა, რომ მოსწონდა.
- დიახ, მყავს. მე საქმეზე ვარ მოსული, - უცებ შეცვალა თემა.
- გისმენთ.
- იმ დღეს თქვენ რომ დაგემშვიდობეთ, ლევანმა სხვათა შორის თქვა, რომ თქვენ სადღაც ფინანსურ დირექტორად მუშაობთ.
- დიახ, ასეა.
- მისი ნათქვამი დამამახსოვრდა. სულ ახლახანს ჩემი ფირმის ფინანსური დირექტორი სამსახურიდან წავიდა იმის გამო, რომ თანამდებობაზე დანიშნეს. ადგილი გათავისუფლდა და მინდოდა, თქვენთვის შემომეთავაზებინა. ფირმა საკმაოდ სოლიდურია, ანაზღაურებაც მაღალი. იქნებ მოიფიქროთ და სამუშაოდ გადმოხვიდეთ?
- სადაც ვმუშაობ, თავს იქაც კარგად ვგრძნობ, მაგრამ მე მაინტერესებს, რატომ მაინცდამაინც - მე? უცხო ადამიანს სთავაზობთ სამსახურს... რატომ?
ანას ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. არა, კი ჰქონდა, მაგრამ ამ პასუხის გაცემა ახლა არ შეიძლებოდა, ხოლო სხვა პასუხი არ არსებობდა... ადგა და რასაც ფიქრობდა, ის თქვა.
- ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს... არ ვიცი, რატომ მაინცდამაინც თქვენ, მაგრამ ის ვიცი, რომ ძალიან მინდა, ჩემი წინადადება მიიღოთ.
- გათხოვილი ხართ? - მოულოდნელი კითხვა დასვა მამაკაცმა.
- არა, ქვრივი ვარ, მაგრამ ეს რა შუაშია?
- ისე ვიკითხე, უბრალოდ. მაშინ, შესაძლოა, დაახლოებით მივხვდე, რატომ გსურთ ჩემი გადაბირება, - ეშმაკურად ჩაიცინა მამაკაცმა.
ანა ცოტა გაღიზიანდა, მაგრამ არ შეიმჩნია. ჯობია, ეგონოს, რომ ვაბამ, ვიდრე სხვა რამე იეჭვოსო, გაიფიქრა და ორაზროვნად გაიცინა.
- არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ პასუხს როდის მეტყვით?
- რითია თქვენი ფირმა დაკავებული?
- სამკერვალო ბიზნესით. უცხოეთის ერთ-ერთ ფირმასთან ხელშეკრულება გვაქვს. იქიდან ჩამოდის უკვე შესაკერავად გამზადებული ტანისამოსი, აქ იკერება და უკან იგზავნება.
- გასაგებია, იაფი მუშა ხელის გამო აკეთებთ ასე... რამდენი გაქვთ ბრუნვა წელიწადში?
- ამას მაშინ გეტყვით, თუ ჩემს წინადადებაზე დაფიქრდებით. რამდენი გაქვთ ხელფასი, თუ საიდუმლო არაა?
- თქვენ რამდენი შეგიძლიათ, შემომთავაზოთ? - კითხვა დაუბრუნა მამაკაცმა.
- რაც შეეხება ხელფასს, უკმაყოფილო არ დარჩებით. გპირდებით, რომ რასაც ახლა იღებთ, იმას გავაორმაგებ, - უპასუხა ანამ და თვალებში ჯიქურ შეხედა.
- საინტერესოა... თუ ლოგიკურ ჯაჭვს ავაგებ, რა გამოვა? მოდის უცხო ქალბატონი, რომელიც სრულიად შემთხვევით შემხვდა სახლთან და სრულიად შემთხვევით, ჩემი ძველი ნაცნობისა და მეგობრის ახლობელიც აღმოჩნდა, შუაღამისას თავზე დამადგება და სამსახურს მთავაზობს... თანაც, ჯერ არც კი იცის, როგორი ჯამაგირი მაქვს და უკვე მიორმაგებს... იქნებ 5-6 ათასს ვიღებ ან მეტს, მაშინ რას იზამთ?
- მე პირობას არასოდეს ვარღვევ, - შეუვალი იყო ანა.
- მით უმეტეს. რადგან თანახმა ხართ, ამხელა თანხა გაიღოთ, მაშინ, როდესაც ირგვლივ ამდენი უმუშევარი ადამიანია და სრულიად თავისუფლად იშოვით საჭირო კადრს, ეს უფრო ამძაფრებს ეჭვს... რას მოითხოვთ სანაცვლოდ? რა მიზანი გაქვთ?
ანა დაფიქრდა. მართლაც, რით უნდა აეხსნა თავისი საქციელი? გაუჭირდა კითხავზე პასუხის გაცემა...
- სიმართლე გითხრათ?
- რა თქმა უნდა...
- ლევანმა ისიც მითხრა, რომ ქვრივი ხართ და გოგონას მარტო ზრდით... ცუდად არ გამიგოთ, ბავშვი შემებრალა და მინდა, მას კარგი მომავალი ჰქონდეს. ეს კი იმითაა შესაძლებელი, თუ მამას კარგ პირობებს შევთავაზებ... სულ ესაა, გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა...
- ძალიან სასიამოვნო ქალი ხართ, ანნა, ნებისმიერ მამაკაცს დაახვევთ თავბრუს... თქვენთან ურთიერთობას არაფერი სჯობია. საუკეთესო ვარიანტია, თქვენნაირი შეფის ხელქვეითობა და სამუშაო სასიამოვნოც გახდება, სასარგებლოსთან ერთად... მაგრამ რომ შემიყვარდეთ? ასე თუ ისე, თავისუფალი კაცი ვარ...
- მაგაზე არ მიფიქრია, - გამოუტყდა ანა.
- არ მსურს, საკუთარი ბოსი მიყვარდეს: ეს საქმესაც გააფუჭებს და ურთიერთობასაც. არადა, ამის რეალური საშიშროება არსებობს...
- ეს შეუძლებელია, რამაზ, - რაღაცნაირად, დაფიქრებით თქვა ანამ, - თუმცა, თუ ზოგიერთ გარემოებას გავითვალისწინებთ, შესაძლოა, საუკეთესო ვარიანტი იყოს... - ბოლო წინადადება თავისთვის ჩაიბურტყუნა.
- რას გულისხმობთ?
- არაფერს... უბრალოდ, გამორიცხულია და მაგას არ დავუშვებ...
- სიყვარული არავის ეკითხება, მოვა თუ არა... და შეუძლებელი და გამორიცხული რატომაა? თქვენ და ლევანს...
- მე და ლევანს არაფერი გვაკავშირებს... მეგობრები ვართ უბრალოდ, - ხმაში გაღიზიანება დაეტყო ანას. არ მოეწონა რამაზის ასეთი პირდაპირი და თავხედური ლაპარაკი, - ასე რომ... თუმცა ჩვენ დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ და აქედან გამომდინარე, გასახსენებელიც ბევრი გვაქვს და საერთოც. თანაც, ჩემთან ურთიერთობა იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ გექნებათ, რომ ფირმას მე არ ვმართავ. იშვიათად ვჩნდები იქ და ბიძაჩემთან მოგიწევთ ურთიერთობა, რადგან დირექტორი ის გახლავთ.
- მაშინ ჩემთვის კვლავ გამოცანად რჩება, რა გრჯით, სამსახურს რომ მთავაზობთ?
- კარგი, ამით დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი. მაპატიეთ, შესაძლოა, არ უნდა მოვსულიყავი, მაგრამ რატომღაც მეგონა, რომ ამას ჩვეულებრივად მიიღებდით და იმიტომ გავბედე. თუ დანაშაული ჩავიდინე, კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, - ანა წამოდგა და კარისკენ გაემართა.
- ანა, - ამჯერად 2 "ნ" აღარ უთქვამს რამაზს, - მე მაპატიეთ: შესაძლოა, ცოტა უხეშად გამომივიდა, მაგრამ გპირდებით, რომ აუცილებლად დავფიქრდები თქვენს წინადადებაზე და დაგიკავშირდებით... თუმცა, როგორ დაგიკავშირდებით?
- აი, ინებეთ, - ანამ სავიზიტო ბარათი გაუწოდა და ჩქარი ნაბიჯით დატოვა იქაურობა.
GzaPress
შინ მისულმა კარგა ხანს იფიქრა საღამოს მომხდარ ამბებზე და მამა-შვილთან გვიან ვიზიტზე... თავიდან ცოტა გაბრაზებული იყო, მაგრამ ყველაფერი კარგად რომ გააანალიზა, მიხვდა, რომ რამაზმა ბევრი მოითმინა. თვითონ ალბათ მაშინვე გააგდებდა შინიდან არამკითხე მოამბეს, რადგან მისი ვიზიტი ეჭვს ბადებდა. სიბრაზემ გაუარა და გაიფიქრა, რომ შესაძლოა, შეცდომა დაუშვა, როცა რამაზთან ასე გვიან მივიდა, მაგრამ შვილის ნახვის, რამდენიმე წუთით მისთვის თვალის შევლების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ამ სურვილს წინ ვერ აღუდგა და პირველსავე შესაძლებლობის შემთხვევაში, სულ პატარა მიზეზიც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ასე მოქცეულიყო. "როდესაც ყველაფერი გამოაშკარავდება, მერე კი მიხვდება რამაზი, რა მრჯიდა, მასთან რომ მივდიოდი და შესაძლოა, მისაყვედუროს კიდეც", - ფიქრობდა ანა და კარგა ხნის განმავლობაში ვერ მშვიდდებოდა იმის შიშით, რომ მის დაუფიქრებელ ნაბიჯს რაიმე არ გაეფუჭებინა... შემდეგ, როგორც სჩვეოდა, ყველაფერი გადახარშა, ხელი ჩაიქნია, - რაც მოსახდენია, მოხდესო, - გაიფიქრა და დასაძინებლად დაწვა.
- ნინო, ხვალ ვარშავაში მივემგზავრები 1 კვირით. დღეს რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი და მთელი დღე გარეთ ვიქნები. თუ რამე დაგჭირდეს, დამირეკე.
როგორც ყოველთვის, ანა ყველაზე გვიან დაწვა, მაგრამ ყველაზე ადრე ადგა და ნინოს ჯერ ისევ მძინარეს დაადგა თავზე.
- სად მიდიხარ ასე უთენია? - თვალები მოიფშვნიტა ნინომ.
- საავადმყოფოში. ჯერ ბელას ბებიას ვნახავ, მერე რუსთავში ეთერს ჩავაკითხავ. შესაძლოა, ის ხვალ ან ზეგ გამოწერონ და მინდა, მკურნალობის ხარჯი მე დავფარო. შემდეგ ზვიადთან შევივლი, გავარკვევ, რა გამიგო ბელას საბუთებთან დაკავშირებით და თუ შესაძლებელი იქნება, წასვლამდე გავამზადებ იმ საბუთებს, რომელზეც ხელი ბებიამ უნდა მოაწეროს. დანარჩენი უკვე სასამართლოს საქმე იქნება. ეს საქმე ვარშავიდან დაბრუნებამდე ვერ მოიცდის და ამიტომ უნდა ვიჩქარო.
- დღეს ბელას სამსახურში წავიყვან, შეიძლება? - ჰკითხა ნინომ.
- შენი ნებაა, როგორც გსურს. თუ მოახერხებ, საღამოს ბებიაც აჩვენე.
- კარგი, შევივლით საავადმყოფოში, - შეჰპირდა ნინო.
სახლის კარი გაიხურა თუ არა, ანას გაახსენდა, რომ დილით ყავა არ დაულევია და ინანა, რომ შინიდან ისე გამოვიდა - "დოპინგის" გარეშე. უკან მიბრუნება აღარ უნდოდა და გადაწყვიტა, კაფეში დამჯდარიყო...
მთელი თბილისი მოიარა და ვერც ერთ კაფეს ვერ მიაგნო, რომელიც დილის 8-ის ნახევარზე ღია იქნებოდა. თავისუფლების მოედანზე, "მერიოტს" მიადგა. ჰოლში სისუფთავე და სიმყუდროვე იყო... გრილოდა კიდეც. მოეწონა იქაური სიტუაცია...
მიმტანს "ამერიკანო" შეუკვეთა და ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან დაჯდა...
მზე ამოსვლას იწყებდა და პირდაპირ უზარმაზარ, ვიტრინისმაგვარ ფანჯარაში ანათებდა. კარისხელა ფანჯარა იატაკამდე გრძელდებოდა და მზის სხივებმა თვალი მოსჭრა და მყუდროება დაურღვია... მიმტანს სთხოვა, ჟალუზი ჩამოეწია. მიმტანმა თხოვნა შეუსრულა და ჟალუზი ისე დააყენა, რომ ფანჯარა მთლიანად არ დაეფარა. იატაკიდან ასე, ნახევარი მეტრი ღიად დატოვა... ანას ყურადღება ამ ღია ადგილიდან დანახულმა, გარეთ მოსიარულე ადამიანების ფეხებმა მიიპყრო.
ზვიადს დაურეკა. გააღვიძა და სასტუმროში მისვლა სთხოვა.
შემდეგ სავარძელში მოხერხებულად ჩაეფლო და გარეთ ყურებას მიჰყო ხელი...
"ფეხსაცმლისა და სიარულის მანერის მიხედვით ადამიანის ბუნების შეცნობა და მისი ცხოვრების სტილის განსაზღვრა ალბათ იოლია. ახლა, როცა მხოლოდ ფეხებს ვხედავ, თითქოს მთელი ყურადღება სხეულის ამ ნაწილზე გადადის და საინტერესო საყურებელია, - ფიქრობდა ანა, - აგერ, ეს ალბათ შუა ხნის მამაკაცია, რომელიც ისე მიაბიჯებს, დარწმუნებული ვარ, ჩაფიქრებული იქნება და ალბათ რაიმე პრობლემის გადაწყვეტითაა დაკავებული... ეს კი აჩქარებული ნაბიჯით მიდის, როგორც ჩანს, სამსახურში აგვიანდება... აგერ, ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი... თუმცა საკმაოდ შელახულია და ქუსლიც მოღრეცილი აქვს, მაგრამ მაინც თავდაჯერებულად მიაბიჯებს... თინეიჯერული კედები... ზონრები გახსნილი აქვს და მიწაზე მიათრევს. ღმერთო, ნუთუ ამაში მოსაწონია რამე?! აგერ, ქალის კრემისფერი, დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი, მის გვერდით კი ბავშვის წითელფეხსაცმლიანი ფეხები მიბაკუნებს, ხანდახან შეიკუნტრუშებს და ისევ დედას გამოუდგება"...
ანა ისე გაერთო ამ თავისივე მოგონილი თამაშით, რომ ზვიადის მოსვლა ვერც კი გაიგო. მისმა მისალმებამ გამოაფხიზლა.
- აა, ზვიად, გამარჯობა! დაჯექი, - ირგვლივ მიმოიხედა და გაუკვირდა, როდესაც ერთ-ერთი ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი დაინახა. - ესენი შენ მოგყვნენ? - გაოცებულმა ააფახულა თვალები.
- არა, ესენი დილის გადაცემაში პირდაპირ ჩართვას აკეთებენ. მამაკაცი, რომელიც მაგიდასთან ზის და წინ ცარიელი ჭიქა უდგას და ვითომ ყავას ან ჩაის მიირთმევს, გამორთული ლეპტოპის ეკრანზე კი თაბახის ფურცელი აქვს აკრული და ტექსტს კითხულობს, პრესის მიმომხილველია.
- ა-ა, - გაეღიმა ანას და იქ მყოფებს დააკვირდა, - კარგი, იმედია, ჩვენ კადრში არ მოვხვდებით...
- ალბათ ბელას საბუთებთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა გაინტერესებს, ხომ?
- ჰო, - თავი დაუკრა ანამ, - ერთი ყავა კიდევ მოგვიტანეთ, თუ შეიძლება, - გასძახა მიმტანს.
- ვიყავი იმ მისამართზე, რომელიც მომეცი და კარგა ხნის დავის შემდეგ საბუთები მომცეს. გადავხედე და გავარკვიე, რომ ბელას დედა ცოცხალია, მაგრამ უკვე დიდი ხანია, არ გამოჩენილა და ბავშვის მეურვეობა ბებიას ოფიციალურად აქვს დაკისრებული. შესაბამისი დოკუმენტიც არსებობს... იქვე იდო საბუთი, რომლითაც ირკვევა, რომ ქალს დედობის უფლება აქვს ჩამორთმეული სასამართლო წესით და შვილთან მიახლოება და მასთან ურთიერთობა ეკრძალება, სანამ ცხოვრების წესს არ შეიცვლის და სასამართლოს არ დაუმტკიცებს, რომ გოგონასთვის მასთან ცხოვრება საფრთხეს არ წარმოადგენს.
- მიზეზი არ წერია? რის გამო ჩამოართვეს დედობის უფლება?
- არა, მაგრამ მაგ საქმის არქივიდან ამოღება შეიძლება და გარკვევა, თუ ამის სურვილი გექნება.
- არა, ეგ არ მაინტერესებს, ისე ვიკითხე. ახლა რა უნდა გავაკეთოთ, რომ ბელას შვილად აყვანა ოფიციალურად გავაფორმოთ?
- ახლა პირველ რიგში, ბებიას უნდა დავაწერინოთ განცხადება, რომელშიც მიუთითებს, რომ თანახმაა ბავშვის გაშვილებაზე. ვინაიდან ის ავადაა. ნოტარიუსის მოყვანა დაგვჭირდება, რადგან შესაძლოა, სასამართლომდე ვერც იცოცხლოს.
- ამის მოგვარებას შეძლებ?
- რა თქმა უნდა, მაგრამ შენი დასტურიც იქნება საჭირო.
- მე ამაღამ 1 კვირით მივდივარ.
- ვიცი, პოლონეთში, გიორგისთან ერთად, ფირმის საქმეზე. ეგ დოკუმენტები მე გავამზადე.
- ჰო და ამიტომ, მინდობილობას გაგიკეთებ, რომ ჩემი წარმომადგენელი იყო სხვადასხვა ინსტანციაში. მე მგონი, სხვა საქმეებშიც დაგვჭირდება ეგ და უკვე გვექნება. ამიტომ, ცოტა ხანს შევიცადოთ და როგორც კი სანოტარო ბიუროები გაიხსნება, მაშინვე გავაკეთოთ ეგ საბუთი. ახლა კი საავადმყოფოში წავიდეთ და ბებია ვინახულოთ.
საავადმყოფოში მისულს ექიმმა არც ისე კარგი ამბავი დაახვედრა... ბებიას ჯანმრთელობა სულ უარესდებოდა და მუცელი ჩამდგარი სითხის გამო ეზრდებოდა.
- კი, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ სითხე ამოიღოთ? - ჰკითხა ანამ.
- კი, მაგრამ ისევ ჩადგება. თანაც, თქვენი თანხმობა გვინდოდა, რადგან ალბათ გესმით, რომ ყველა პროცედურა ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუ მას ზედმეტი სითხისგან გავათავისუფლებთ, ცოტა ხნით შვებას იგრძნობს.
- ჰოდა, როგორც საჭიროა, ისე მოიქეცით, სადამდეც სიცოცხლის გახანგრძლივებას შეძლებთ, გაუხანგრძლივეთ. თქვენი აზრით, მაინც, რამდენ ხანს იცოცხლებს?
- 1 თვე, ყველაზე უარეს შემთხვევაში. ისე, პროცედურის შემდეგ შეგიძლიათ, შინ წაიყვანოთ და მკურნალობა ბინაზე გაუგრძელოთ.
- არა, ჯობია, აქ იყოს, თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ. არ მინდა, შვილიშვილმა მის ტანჯვას გამუდმებით უყუროს.
- მაგრამ...
- არავითარი "მაგრამ"! აქ მანამდე დარჩება, ვიდრე ბოლომდე არ გამოჯანმრთელდება ან ვიდრე...
- გასაგებია, - ჩაილაპარაკა ექიმმა.
ანა პალატაში შევიდა. მოხუცი თვალდახუჭული იწვა. თვალები ხმაურზეც არ გაუხელია.
- ბელა, მოხვედი? - დაბალი ხმით იკითხა.
- არა, ბელა საღამოს მოვა. მე ვარ, - ანა საწოლს მიუახლოვდა.
ქალმა თვალები გაახილა.
- ანა, შვილო, შენ ხარ?
- კი... აი, ეს მოვიყვანე, - ზვიადზე ანიშნა, - ჩემი იურისტია. მინდა, გაიცნოთ, რადგან ბელას შვილად აყვანის საბუთებს ზვიადი გააფორმებს. მე 1 კვირა არ ვიქნები და იმედია, ჩემს დაბრუნებამდე გამოჯანმრთელდებით. ზვიადი მოვა ხოლმე და გინახულებთ, ყველა საჭირო საბუთსაც ის გაამზადებს.
- კარგი, - ჩუმად თქვა ქალმა და თავი დააქნია.
- საუბრისას ხომ არ იღლებით? შეგიძლიათ, მელაპარაკოთ?
- კი, - ისევ დააქნია თავი.
- ბელას დედა სადაა?
- ჯანდაბაშია, შვილო... - მძიმედ ამოიოხრა ქალმა. - ძალიან კარგი ოჯახი მქონდა, ჩემი ქმარი უბრალო, მშრომელი კაცი იყო. დიდი ქონების პატრონები არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ თავი პატიოსნებით მოგვქონდა. ჩემი გოგო კი ვის დაემსგავსა, არ ვიცი. პატარაობიდანვე ამბიციური იყო, ყოველთვის სხვაზე უკეთ უნდოდა, გამოჩენილიყო... მუდამ სუფთა და ახალი ტანისამოსი ეცვა, მაგრამ ეს არ აკმაყოფილებდა. სწავლაზე VI კლასიდან აიცრუა გული და სკოლაში გამუდმებით პრობლემები ჰქონდა. 14 წლისამ გვითხრა, მუშაობა დავიწყეო. ღამის ცვლაში მუშაობდა, მაღაზიაში. მივედი, შევამოწმე და მართლა იქ დამხვდა. ახლა ვხვდები, რომ ამის შემდეგ წავიდა ხელიდან. საყვარელი გაიჩინა, თავისზე გაცილებით უფროსი მამაკაცი. ის 15 წლის იყო, საყვარელი - 35-ის. იმ კაცმა საბოლოოდ დაღუპა. თავიდან ყველა სურვილს უსრულებდა, ტანისამოსს ყიდულობდა, გასართობად დაჰყავდა, შემდეგ კი ვალებში აღმოჩნდა და ჩემი გოგონა აიძულა, ვალის გასტუმრებაში დახმარებოდა.
აყვედრიდა, მანამდე რაც პატივი უცია და ანამუსებდა, შენ გამო გადავვარდი ვალებშიო. ამის შემდეგ მისი "სუტენიორი" გახდა და როცა ამის შესახებ გავიგე, შვილთანაც და იმ კაცთანაც დიდი უსიამოვნება მომივიდა. ნელი ტიროდა და თავის მართლებასაც არ ცდილობდა. შემდეგ მითხრა, - თუ გინდა, რომ იმ კაცის კლანჭებიდან თავი დავიხსნა, ბინა გავყიდოთ, ვალს გაისტუმრებს და მეც მეშველებაო. დავუჯერე. ჩემი ქმარიც დავარწმუნე, რომ ასე ჯობდა. დავრჩით უსახლკაროდ, ბინა ვიქირავეთ, ჩემმა გოგომ კი ფული წაიღო და იმის შემდეგ აღარ გამოჩენილა. 3 წელი გავიდა. გვიან ღამით მოვიდა, 2 კვირის ბელა მოიყვანა, დატოვა და წავიდა... 3 წლის იყო ბავშვი, რომ ვეღარ შევძელით თავის რჩენა და ბინის ქირის გადახდა და ღია ცის ქვეშ დავრჩით. დავიწყე პოლიციის საშუალებით ჩემი შვილის ძებნა, რომ იქნებ ბავშვი მაინც წაეყვანა და ეპატრონა. როგორც იქნა, ნელის რამდენიმე თვის შემდეგ მიაგნეს, როცა ის თურქეთის საზღვარს ჰკვეთდა. შვილთან ურთიერთობა არ ინდომა. ნარკოტიკზე "იჯდა", სვამდა კიდეც... გამწარებულმა მოვითხოვე, რომ მისთვის დედობის უფლება ჩამოერთმიათ და მივაღწიე კიდეც ამას. ცოტა ხანს იმ ნათესავთან ვცხოვრობდით, ვისთანაც თქვენ ბელას საბუთებს მიაკითხეთ. მერე იქიდანაც წამოვედით და სასაფლაოზე დავსახლდით. ჩემი ქმარი ქუჩა-ქუჩა დაწანწალებდა, ლუკმაპურისა და დღიური სამუშაოს საძებნელად, მაგრამ 2 "კაპიკს" ძლივს შოულობდა.
ერთ ღამეს კი ძალაგამოლეულს, ქუჩაში ჩასძინებია და გაიყინა... მე და ბელა მარტო დავრჩით... მე სასაფლაოს ვალაგებდი და ცოტაოდებნ ფულს მიხდიდნენ... ბელა ხანდახან საფლავებიდან მოპარულ ყვავილებს ყიდდა და ასე გავდიოდით იოლას. ასეთმა ცხოვრებამ მეც დამასვა დაღი და ჯანმრთელობა შემერყა. ბელას კი ღმერთმა თქვენი თავი სწორედ მაშინ გამოუგზავნა, როცა მარტო დარჩენის საშიშროების წინაშე დადგა. ღმერთი დიდია და მოწყალე. ბავშვს არასოდეს არაფერი მოუპარავს, თუ ყვავილებს არ ჩავთვლით. ის ყვავილები კი მიცვალებულს არც არაფერში წაადგებოდა, ჩვენ კი ლუკმაპური გვქონდა, - ქალი დაიღალა და შეისვენა.
- ბელა მართლაც კარგი ბავშვია, ზრდილი და გამრჯე, არაფერს გავუჭირვებ, - დაამშვიდა ანამ.
- დედამისი არ გამოჩნდება, მაგაზე არ იდარდოთ...
ანა კარგა ხანს ფიქრობდა იმაზე, რაც მოისმინა და თავისი შვილის სიტუაციას ადარებდა...
გულმოწურული წამოდგა, ქალს დაემშვიდობა და ზვიადთან ერთად, იქაურობა დატოვა.
დატოვეთ კლასი ❤

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3