
დობერმან პინჩერი
November 13, 2013
ბევრი ვიფიქრე, ძაღლის რომელ ჯიშზე დამეწერა შემდეგი პოსტი, რადგან ჩემს ბლოგზე დადებულ რიგით მეორე გამოკითხვაში ჩამოთვლილი ოთხი ჯიშიდან, სამს აქვს უკვე თანაბარი ხმები და პლიუს მეხუთე ჯიში ჩემი ბლოგის ერთ-ერთმა სტუმარმა თავისი სურვილისამებრ აირჩია. ამას გარდა, პირველი გამოკითხვიდანაც არის დარჩენილი ძაღლის ორი ჯიში, რომლებზეც აუცილებლად დავწერ პოსტებს, ოღონდ მოგვიანებით. ახლა კი გადავწყვიტე, ეს პოსტი მივუძღვნა ძაღლს, რომელსაც მე პირადად დიდად არ ვწყალობ თავისი ფიზიონომიიდან გამომდინარე. ცოტა მეშინია კიდეც, რომ არ დაგიმალოთ, თუმცა გამოკითხვის შედეგებს და აქედან გამომდინარე, ხალხის აზრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამასთანავე, ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ბლოგს კითხულობს, გამოკითხვებში იღებს მონაწილეობას ან თუნდაც ფოტოებს ათვალიერებს :) თქვენს ყურადღებას კი დღეს დავუთმობ დობერმან პინჩერს, ან უბრალოდ დობერმანს:
დობერმან პინჩერი
დობერმან პინჩერი
ძაღლის ჯიში: დობერმან პინჩერი
სხვა სახელი: დობერმანი
მეტსახელი: დობი; Dobermann; Dobynm (ზოგიერთ ქვეყანაში)
წარმომავლობა: გერმანია
ფერი: შავი, ყავისფერი, წითური, ნაცრისფერ-მოლურჯო, ჩალისფერი და თეთრი (ალბინოსი)
ბეწვის ტიპი: მბზინავი, მოკლე, ხშირი და სწორი
სიმაღლე: ხვადი – 66 – 72 სმ; ძუ – 61 – 68 სმ
წონა: ხვადი – 34 – 45 კგ; ძუ – 27 – 41 კგ
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10 – 13 წელი
წარმოშობის ისტორია:
დობერმან პინჩერის პირველად გამოყვანა მოხდა საფრანგეთ-პრუსიის ომის შემდგომ, 1890 წელს გერმანიაში, თიურინგიის ქალაქ აპოლდაში კარლ ფრიდრიხ ლუის დობერმანის მიერ. იგი ადგილობრივი გადასახადების ამკრები იყო და მართავდა აპოლდას ძაღლების ხუხულას (თავშესაფარს). ძაღლების სხვადასხვა ჯიშებთან წვდომის წყალობით, დობერმანს სურდა შეექმნა ძაღლის ისეთი ჯიში, რომელიც იდეალური იქნებოდა მისთვის დახმარების გასაწევად გადასახადების აკრების დროს, რომლის დროსაც მას უწევდა ბანდიტებით სავსე ტერიტორიებზე ყოფნა. მისი მიზანი ასევე იყო ისეთი ტიპის ძაღლის გამოყვანა, რომელიც მისივე აზრით ძალის, სისწრაფის, ამტანობის, ერთგულების, ინტელექტისა და მძვინვარების სრულყოფილი კომბინაცია იქნებოდა. მოგვიანებით კი ოტო გოელერმა და ფილიპ გროინიგმა განაგრძეს ძაღლის ამ ჯიშის ჩამოყალიბება ისეთად, როგორსაც დღეს ჩვენ ვიცნობთ.
ძაღლის ეს ჯიში შეიქმნა სხვადასხვა ძაღლის ჯიშისაგან. მათ შორის: გერმანული პინჩერი, ბოსერონი, როტვეილერი, თიურინგიული ტყის ძაღლი, გრეიჰაუნდი, გერმანული დოგი, ვეიმარანერი, გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერი, მანჩესტერული ტერიერი, ძველგერმანული მეცხვარული ძაღლი და ამერიკული პიტ ბულ ტერიერი. ძაღლის ამ ჯიშებს გააჩნდათ ის თვისებები, რაც კარლ დობერმანისთვის მნიშვნელოვანი იყო. შეჯვარების ზუსტი პროპორციები ისევე, როგორც შეჯვარებისას გამოყენებული ძაღლის ჯიშების ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია, თუმცა ბევრი ექსპერტის აზრით, დობერმანი სულ მცირე, ზემოთ მოცემული ოთხი ჯიშის შეჯვარებით მაინც არის გამოყვანილი. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს დოკუმენტურად აღრიცხული დართვა გრეიჰაუნდთან და მანჩესტერულ ტერიერთან. საკმაოდ სარწმუნოა ასევე ისიც, რომ ძველგერმანული მეცხვარე ძაღლის გენოფონდი წარმოადგენდა ერთადერთ უდიდეს ხელშემწყობს დობერმანის ჯიშის შექმნაში.
1894 წელს კარლ დობერმანის გარდაცვალების შემდეგ, მის საპატივსაცემოდ გერმანელებმა ძაღლის ამ ჯიშს დობერმან-პინჩერი უწოდეს. თუმცა ნახევარი საუკუნის შემდეგ, გერმანული სიტყვა “პინჩერი” , რაც ინგლისურ ”ტერიერს” ნიშნავდა, ჩამოშორდა ჯიშის დასახელებას იმის საფუძველზე, რომ ეს სიტყვა ჯიშისათვის შეუფერებელი იყო. რამდენიმე წლის შემდეგ კი ინგლისელებმაც იგივე გააკეთეს.
მეორე მსოფლიო ომის დროს, აშშ-ს საზღვაო ძალების კორპუსმა დობერმან პინჩერი თავის ოფიციალურ საომარ ძაღლად გამოაცხადა, თუმცა გამორჩეულად ამ საქმისათვის არ გამოუყენებია.
ომის შემდგომ პერიოდში დობერმანის ჯიში თითქმის დაიკარგა. დასავლეთ გერმანიაში, 1949 წლიდან 1958 წლამდე არ მომხდარა ლეკვების ახალი ნაყარის რეგისტრაცია. ვერნერ იუნგი ითვლება ძაღლის ამ ჯიშის გადამრჩენლად. იგი დასავლეთ გერმანიის ფერმებში ეძებდა ტიპიურ პინჩერებს და მათ იყენებდა ოთხ სხვა, დიდი ზომის მინიატურულ პინჩერებთან და აღმოსავლეთ გერმანულ შავ და წითურ ძუებთან ერთად. იუნგმა თავი საფრთხეშიც კი ჩაიგდო, როცა მალულად გადმოიყვანა ეს ძაღლები დასავლეთ გერმანიაში. გერმანული პინჩერების უმეტესობა სწორედ ამ ძაღლების შთამომავლებს წარმოადგენს.
ქცევა და ხასიათი:
მიუხედავად იმისა, რომ დობერმან პინჩერი სამუშაო ძაღლადაა მიჩნეული, ხშირად იგი სასტიკ და აგრესიულ ძაღლად ითვლება. მისი, როგორც პირადი მცველი ძაღლის გამოყვანა სწორედ ამ თვისებების გამო მოხდა: იგი უნდა ყოფილიყო დიდი და საშიში, უშიშარი და პატრონის დასაცავად მზადმყოფი, თუმცა საკმარისად დამჯერი და თავშეკავებული თავისი მოვალეობის შესასრულებლად მხოლოდ პატრონის მიერ ბრძანების გაცემის შემდეგ. ეს თვისებები გამოსადეგი იყო მხოლოდ დობერმანის, როგორც პირადი მცველის, საპოლიციო ან საომარი ძაღლის ფუნქციების შესრულებისათვის და არა მისი, როგორც კომპანიონი ძაღლის როლისათვის. დობერმან პინჩერების აგრესია მომშენებლების წყალობით წლების განმავლობაში შემცირდა და დღევანდელი დობერმანები ცნობილნი არიან გაცილებით უფრო გაწონასწორებული და კარგი ბუნებით, უზომო ერთგულებით, მაღალი ინტელექტითა და წვრთნისადმი შესანიშნავი დაქვემდებარებით. დღესდღეობით, დობერმანის ზომა, დაბალი ბეწვი და ინტელექტი მას ოჯახის სასურველ ძაღლად აქცევს. სტენლი კორენის წიგნში ”ძაღლების ინტელექტი”, დობერმანს მე-5 ადგილი უჭირავს ძაღლის მორჩილებით ბრძანებებზე წვრთნის კატეგორიაში. სხვადასხვა კვლევების მიხედვით კი, დობერმანი ბორდერ კოლისთან, გერმანულ ნაგაზთან, ოქროსფერ რეტრივერთან და სტანდარტულ პუდელთან ერთად ერთ-ერთ ყველაზე ადვილად გასაწვრთნელ ძაღლის ჯიშს მიეკუთვნება.
დობერმანები ადვილად სწავლობენ პატრონის პატივისცემასა და დაცვას და ამის გამო ბრწყინვალე მოდარაჯე ძაღლებად ითვლებიან, რომელთაც შეუძლიათ დაიცვან თავიანთი საყვარელი ადამიანები. ზოგადად ისინი მეგობრულნი არიან ადამიანებისა და სხვა ძაღლების მიმართ, თუმცა მიეკუთვნებიან ძაღლის ისეთ ჯიშებს, რომელთაც შესაძლოა აგრესია გამოავლინონ უცხოებისა და სხვა ძაღლებისადმი. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ დობერმანებმა თავიანთი პატრონების მიმართ გამოხატონ აგრესია. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე კვლევები დობერმანს არ მიიჩნევს ყველაზე აგრესიულ ჯიშად, მისი ზომა, ძალა და უცხოებისადმი მკვეთრად გამოხატული აგრესია მას პოტენციურად საშიშ ჯიშად აქცევს.
თუკი მოხდება დობერმანის ლეკვობიდანვე სწორი, მტკიცე და საფუძვლიანი წვრთნა და სოციალიზაცია, მისგან შესანიშნავი კომპანიონი დადგება. იგი ძალიან ღონიერია, ამიტომ მუდამ თვალყური უნდა ადევნოთ მის ურთიერთობას ბავშვებთან.
მოვლა:
თავისი მოკლე და გლუვი ბეწვის გამო დობერმანს მინიმალური მოვლა სჭირდება. ბეწვი დავარცხნეთ ჯაგრისით ან სპეციალური ხელთათმნით. გაასუფთავეთ მშრალი შამპუნით ან სველი ნაჭრით მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. ასევე საჭიროა მისთვის თათებზე ფრჩხილების დაჭრა 2-3 კვირაში ერთხელ.
დობერმანი აქტიური და ენერგიული ჯიშია, ამიტომ სჭირდება ყოველდღიური და ხანგრძლივი ვარჯიში (სირბილი) მოზღვავებული ენერგიის დასახარჯად. იგი არ გამოდგება ბინებში ან პატარაეზოიან სახლებში საცხოვრებლად. შეუფერებელია ამ ძაღლის ყოლა ისეთი ადგილებისათვის, სადაც იცის დიდი ყინვები, რადგან ეს მოკლებეწვიანი ჯიში სიცივეს ცუდად იტანს.
დობერმანს ძალიან უყვარს სხვადასხვა საგნის ღეჭვა, ამიტომ საჭიროა მისთვის ბევრი მაგარი (მყარი) სათამაშოს მიცემა.
ჯანმრთელობა:
დობერმანისათვის დამახასიათებელია შემდეგი დაავადებები:
დილატაციური კარდიომიოპათია – ამ დროს ირღვევა გულის ძირითადი ფუნქცია – კუმშვადობა. იგი სუსტდება. ამასთანავე, დიფუზიურად დიდდება გულის პარკუჭები და აღარ ხდება სისხლის ეფექტური მიმოქცევა. გულის ფუნქციის შემცირებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ფილტვებზე, ღვიძლზე და სხეულის სხვა სისტემებზე. ეს დაავადება დობერმანებს უფრო მეტად ემართებათ, ვიდრე ძაღლის სხვა ჯიშებს.
ვობლერის დაავადება - კისრის მალების არასტაბილურობა, რაც იწვევს არამყარ სიარულსა და სისუსტეს ძაღლებსა და ცხენებში.
ფონ ვილებრანდის დაავადება - მემკვიდრეობითი დეფექტი, რომელიც სისხლის შედედების პროცესის დარღვევას იწვევს.
პროსტატის დაავადებები - როგორებიცაა მაგალითად: ბაქტერიული პროსტატიტი, პროსტატის კისტა და პროსტატის ადენოკარცინომა.
ჰიპოთიროიდიზმი - მდგომარეობა, როდესაც ფარისებრი ჯირყვალი არ გამოყოფს საკმარის ჰორმონებს – თიროქსინსა (T4) და ტრიიოდოთირონინს (T3).
მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია - ძვლის მდგომარეობა, როდესაც ბარძაყის თავი არაა სათანადოდ ჩასმული თეძოს ბუდეში. (ძვლის ამოვარდნილობა). იწვევს ოსტეოართრიტსა და ტკივილს.
doberman_dog
დობერმანი საქართველოშიც იყიდება და მისი ფასი 250 დოლარს შეადგენს. (მონაცემები აღებულია ვებ-გვერდიდან mymarket.ge )
გიტოვებთ Animal Planet-ის ვიდეოს Youtube-ზე დობერმან პინჩერის შესახებ რუსულ ენაზე.
წყარო: ვიკიპედია
პროგრამა – Dogs of the world (გუგლ ფლეიდან)
პაულ მაკგრივი, ელიზაბეტ ჯინისი – ძაღლები
დევიდ ალდერტონი – როგორ შევარჩიოთ ძაღლი
Posted in მუშა ძაღლები | Tagged აგრესია, გერმანია, დილატაციური კარდიომიოპათია, დობერმან პინჩერი, ვობლერის დაავადება, ინტელექტი, მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია, პროსტატის დაავადებები, ფონ ვილებრანდის დაავადება, ჰიპოთიროიდიზმი | Leave a comment |
გამოკითხვა 2
October 28, 2013
ძაღლის რომელი ჯიშის შესახებ გსურთ, რომ იყოს შემდგომი პოსტი?
კოკერ-სპანიელი
Click to enlarge
დობერმან პინჩერი
Click to enlarge
დალმაციელი (დალმატინელი)
Click to enlarge
შარპეი
Click to enlarge
აღმოსავლურ-ევროპული ნაგაზი ე.წ ავჩარკა
ბიშონ ფრიზე
Other:
Vote
View Results Polldaddy.com Posted in გამოკითხვები | Tagged აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი, დალმაციელი (დალმატინელი), დობერმან პინჩერი, კოკერ სპანიელი, ლაბრადორ რეტრივერი, შარპეი | Leave a comment |
ძაღლის ინტელექტი
September 28, 2013
ძაღლების ინტელექტზე პოსტის დაწერა კარგა ხანია მინდოდა, მაგრამ გავითვალისწინე რა ჩემს ბლოგზე განთავსებული გამოკითხვის შედეგები, ჯერ ციმბირულ ჰასკის დავუთმე ჩემი ყურადღება და ახლა ამ პოსტის ჯერიც დადგა :)
ყოველთვის მაინტერესებდა, თუ რომელი ჯიშის ძაღლები ითვლებოდა ყველაზე ჭკვიან ჯიშად და აღმოჩნდა, რომ პირველ ადგილზე ისეთი ჯიში გავიდა, ადრე რომ წარმოდგენაც კი არ მქონდა მასზე, თუმცა მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და მეც ასე თუ ისე გავთვითცნობიერდი ძაღლის ბევრ ჯიშთან დაკავშირებით. ასე, რომ თანამიმდევრულად მივყვები პოსტს და დარწმუნებული ვარ, თქვენც დაგაინტერესებთ თუ რომელი ჯიშია ყველაზე ჭკვიანი, რომელი ნაკლებად ჭკვიანი და რომელი – წვრთნას პრაქტიკულად დაუქვემდებარებელი.
puppy_grad
თუკი კითხულობთ ჩემს პოსტებს, მიაქცევდით ალბათ ყურადღებას იმას, რომ თითქმის ყველა პოსტში ნახსენებია, თუ რომელ ადგილს იკავებს ესა თუ ის ძაღლის ჯიში ინტელექტის მხრივ. წყაროდ კი სტენლი კორენის წიგნი – ”ძაღლების ინტელექტი”-ა აღებული. სწორედ ამ წიგნს მინდა მივუძღვნა დღევანდელი პოსტი.
”ძაღლების ინტელექტი” (The Intelligence of Dogs) წარმოადგენს კანადაში, კერძოდ კი ვანკუვერში არსებული ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის, სტენლი კორენის (Stanley Coren) წიგნს ძაღლების ინტელექტზე. აღნიშნული წიგნი 1994 წელს გამოიცა და ხსნის კორენის თეორიებს ინტელექტის სხვადასხვაობის შესახებ ამა თუ იმ ჯიშის ძაღლებში. წიგნის მეორედ გამოცემა მოხდა 2006 წელს.
კორენი თავის წიგნში განსაზღვრავს ძაღლის ინტელექტის 3 ასპექტს:
1) ინსტინქტური ინტელექტი (Instinctive Intelligence)
2) ადაპტირებადი ინტელექტი (Adaptive Intelligence)
3) სამუშაო და მორჩილებითი ინტელექტი (Working and Obedience Intelligence)
ინსტინქტური ინტელექტი ეხება ძაღლის შესაძლებლობას, შეასრულოს ის დავალებები, რისთვისაც ის იქნა გამოყვანილი, მაგალითად: პირუტყვის მწყემსვა, სხვადასხვა ნივთის მოტანა, დარაჯობა ან უბრალოდ კომპანიონობის გაწევა ადამიანისათვის.
ადაპტირებადი ინტელექტი განსაზღვრავს ძაღლის შესაძლებლობას, თავად გადაჭრას სხვადასხვა პრობლემა.
სამუშაო და მორჩილებითი ინტელექტი კი მიუთითებს ძაღლის შესაძლებლობაზე, ისწავლოს სხვადასხვა რამ ადამიანებისაგან.
მეთოდი:
ძაღლების სხვადასხვა ჯიშის ინტელექტის მიხედვით კატეგორიებად დასაყოფად წიგნი ფოკუსირებას ახდენს სამუშაო და მორჩილებით ინტელექტზე. ძაღლის ინტელექტის განსაზღვრისათვის ავტორმა საფუძვლად აიღო 2 კრიტერიუმი: ახალი ბრძანების გაგება და ამ ბრძანების შესრულება პირველივე ჯერზე. სტენლი კორენმა თხოვნით მიმართა ამერიკისა და კანადის კენელ კლუბების მსაჯებს ძაღლების მორჩილებაში, რათა შეეფასებინათ ძაღლის სხვადასხვა ჯიშები ზემოაღნიშნული ორი კრიტერიუმის მიხედვით და პასუხად მიიღო 199 შეფასება, რომლის საფუძველზეც მან შეადგინა სია. ძაღლის ის ჯიშები, რომლებიც არაა აღიარებული ამერიკული თუ კანადური კენელ კლუბის მიერ (როგორიცაა მაგალითად ჯეკ რასელ ტერიერი) არაა შესული კორენის მიერ შედგენილ სიაში.
თავად კორენის აღიარებით, ამ შკალის ნაკლად ითვლება მისი ძლიერი დამოკიდებულება ძაღლის დამჯერობისა და მის მიერ ბრძანების შესრულების შესაძლებლობებზე (მაგალითად, მუშა და მომსახურე ძაღლები) და ასევე სუსტი კავშირი გაგებისადმი (მაგალითად, მონადირე ძაღლები). შედეგად, ძაღლის ზოგიერთი ჯიში თავისი ჯიუტი და დამოუკიდებელი ხასიათის გამო სიაში უფრო მეტად დაბალ საფეხურზე აღმოჩნდა, ვიდრე იგი სინამდვილეშია. ეს ნადვილად არ ნიშნავს იმას, რომ ეს ძაღლები ნაკლებ ჭკვიანები არიან და არ ექვემდებარებიან სწავლებას.
სტენლი კორენი ძაღლის ყველა ჯიშს 6 კატეგორიად ყოფს:
1) 1-10 ძაღლები, სწავლების ბრწყინვალე დონით (Brightest Dogs)
2) 11-26 ძაღლები, სწავლების შესანიშნავი დონით (Excellent Working Dogs)
3) 27-39 ძაღლები, სწავლების საშუალოზე მაღალი დონით (Above Average Working Dogs)
4) 40-54 ძაღლები, სწავლების საშუალო დონით (Average Working/Obedience Intelligence)
5) 55-69 ძაღლები, სწავლების საშუალოზე დაბალი დონით (Fair Working/Obedience Intelligence)
6) 70-79 ძაღლები სწავლების ყველაზე დაბალი დონით (Lowest Degree of Working/Obedience Intelligence)
წიგნის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო ხანებში გამოყვანილი ძაღლის ჯიშები, როგორც წესი უფრო ჭკვიანები არიან და უფრო ადვილად ექვემდებარებიან წვრთნას, ვიდრე ძველი და დიდი ხნის ცნობილი ძაღლის ჯიშების წარმომადგენლები.
მაშ ასე, ძაღლების პირველი კატეგორია:
ახალი ბრძანების გაგება: 5-ზე ნაკლები გამეორებით.
ბრძანების შესრულება პირველივე ჯერზე: 95 % და მეტ შემთხვევაში.
1. ბორდერ კოლი
Border Collie
ბორდერ კოლი
ბორდერ კოლი
2. პუდელი
Poodle
პუდელი
პუდელი
3. გერმანული ნაგაზი (მეცხვარული ძაღლი)
German Shepherd
გერმანული ნაგაზი (ავჩარკა)
გერმანული ნაგაზი (მეცხვარული ძაღლი)
4. ოქროსფერი რეტრივერი
Golden Retriever
ოქროსფერი რეტრივერი
ოქროსფერი რეტრივერი
5. დობერმან პინჩერი
Doberman Pinscher
დობერმან პინჩერი
დობერმან პინჩერი
6. შოტლანდიური მეცხვარე ძაღლი (შელტი)
Shetland Sheepdog (Sheltie)
შელტი
შელტი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев